გელა პატიაშვილი

გელა პატიაშვილი
კიდევ ერთი საახალწლო ზღაპარი

...................... თოვლის ბაბუა ისევ გაშპა ......................


როცა რაიმე მოვლენა სიტისტემატიური ხდება, მისი არსისა და კონცეფციის გადახედვა ხდება აუცილებელი. ახალ წელს არ ვგულისხმობ, რადგან აქ არაფერია გადასახედი, კალენდარია და სხვა არაფერი. ის კი, რაც თოვლის ბაბუას შეეხება, უფრო სწორად მის სისტემატიურ გაქრობასა და გადაკაგვას, და უკვე მეოთხე წელიწადი მეორდება, მართლა გადასახედია. ყოველ 31 დეკემბერს სულ იმის მოლოდინში ვარ, რომ კვლავ დამირეკავენ, შემატყობინებენ, რომ თოვლის ბაბუა დაიკარგა და მთხოვენ,მოვძებნო. თან ვინმე კი არა, როგორც წესი, სახელმწიფოს მეთაური რეკავს.

სიმართლე გითხრათ, არ მიყვარს ახალი წელი და არც ის აუტანელი ფუსფუსი და ხალხმრავლობა, რომელიც ახალ წელს ჩვევია. არ მიყვარს ასევე თოვლის ბაბუა, არც მისი ირმები და არც ჩინეთში დამზადებული ის უხარისხო საჩუქრები, რომლითაც მან თავი ასე შეაყვარა ბავშვებს.

შარშან, 31 დეკემბერსაც სწორად ასე მოხდა. ვდგევარ ტკბილეულის მაღაზიაში და ვცდილობ სტუმრად წასაღეწბი ტორტი ვიყიდო. თავაზიანად ჯერ თეთრი კრემის ტორტს მთავაზობენ, მერე თაფლის ნამცხვარს, რომელზედაც კატეგორიულ უარს ვაცხარებ, რადგან ზედმეტად ტკბილი მეჩვენება, ვიცი რომ ქალბატონ ვერას არ მოეწონება. მერე ცდილობენ ფრანგული დასახელების ნამცხვარი « ბლომანჟე » შემომტენონ, მე კი კვლავ უარზე ვარ და ვამბობ, რომ საფრანგეთში ასეთი დასახელების ნამცხვარი არ არსებობს.

უცებ ტელეფონი რეკავს. არც მეტი და არც ნაკლები, თვითონ პრეზიდენტი რეკავს, ბოდიშს იხდის. ჯერ საქმეზე არ გადასულა, მე კი მის ხმაში ვგრძნობ, რომ უხერხულად გრძნობს თავს.

-ხომ არ გაწუხებთ ?- მეითხება, გნებავთ მოგვიანებით გადმოგირეკოთ ?

-არა ბატონო პრეზიდენტო, -ვპასუხობ, -თუ ერთ წუთს დამაცდით, რომ ნამცხვარი სწორად ამოვირჩიო, გადმორეკვა არ იქნება საჭირო.

-რა თქნა უნდა, რა თქმა უნდა, -მპასუხობს იგი, -ჩემი დახმარება ხომ არ გჭირდებათ ?

-სტუმრად მივდივარ ბატონო პრეზიდენტო და ნამცხვარი ვერ ამომირჩევია, ე.წ. « ბლომანჟეს » მთავაზობენ და მარწმუნებენ, რომ ფრანგული რეცეპტითაა დამზადებული, მე კი არ მჯერავს, რომ ფრანგებს გააჩნდეთ მსგავსი დასახელების ნამცხვარი. თანაც, არა მგონია ქალბატონმა ვერამ ეს ნამცხვარი მოიწონოს, თქვენ რას ფიქრობთ ?

-საფრანგეთში « ბლომანჟე » მგონი მართლა არ არსესობს, პარიზში გახლდით ორი კვირის წინ და მსგავსი არაფერი მინახავს. თუმცა, ყოველი შემთხვევისთვის ჩვენს ელჩთან გადავამოწმებ… დამელოდებით ?

-ნუ შეწუხდებით ბატონო პრეზიდენტო და ელჩსაც ნუ შეაწუხებთ. სჯობს მითხრათ რისთვის მირეკავთ. ისევ თოვლის ბაბუა დაიკაგა ?

სახელმწიფო მეთაურმა წამიერი დუმილი მოკლე პასუხით დაარღვია. -დიახ, თქვა მან და, რადგან არ იცოდა კიდევ რა ეთქვა, კვლავ ტკბილეულის თემას დაუბრუნდა. - სტუმრად წასაღებად კი, ჩემი რჩევა იქნება, « დღე და ღამე » იყიდეთ, კარგი ნამცხვარია, ზომიერად ტკბილი, არავითარ შემთხვევაში არ დაგიწუნებენ.

სიმართლე გითხრათ, ნამცხვრისთვის აღარ მეცალა. ჩემი ტვინის ნერონები საშინელი სისწრაფით ამოძრავდნენ. საათს დავხედე, 11 საათი ხდებოდა. თოვლის ბაბუის გადასარჩენად 60 წუთი მრჩებოდა. ტაქსში ჩავჯექი, სახლში რომ გამევლო, ჩანთაში ჩამეწყო ჩემი პიტოლეტი, ფანარი, გამადიდებელი ლუპა, ხელის ბორკილები, რეზინის ხელთათმანები, მწვანე ხსნარი და რუბიკის კუბი.

პირველ რიგში საახალწლო ბაზრობაზე შევიარე, ერთადერთ ადგილას, სადაც ჯერ კიდევ ხალხის მხიარული ფუსფუსი და მუსიკა ისმოდა. დარწმუნებული ვიყავი თოვლის ბაბუის კვალს იქ მივაგნებდი. სწორედ ასეც მოხდა. ორი ნაბახუსები დაუპარსავი მამაკაცი ლამაზად შეფუთულ საჩუქრებს ყიდდა და რაც ყველაზე დამაფიქრებელი იყო, არც კი იცოდნენ რას ჰყიდნენ, სათითაოდ ხსნიდნენ, ფასს ერთმანეთს უთანხმებდნენ და გამვლელ-გამოვლელებს სთავაზობდნენ, შიგ ჩატანებულ წერილებს კი ჯიბებში იტენიდნენ, არავის რომ არ დაენახა.

მივუახლოვდი, დავუწყე თვალიერება ნივთებს, რომლებსაც ჰყიდდნენ. მაინტერესებს მეთქი, - ვუთხარი, ამას და ამას ვყდეულობ, ამასაც, თუ ფასს დამიკლებთ,  და საკრედიტო ბარათი ამოვიღე. -საკრედიტო ბარათები არ მიიღება, -მიპასუხეს მათ. მაშინ საფულეს ჩავხედე და რაც ნაღდი ფული მქონდა მათ მივაწოდე. მთავარი ახლა საჩუქრების წარმომავლობის გაგება იყო. ჩემს გულახდილობაში ეჭვი შეეპარათ, ფარდულებს უკან გაძვრნენ და სიბნელეში გაუჩინარდნენ. ფანარი მოვიმაჯვე და თოვლის ბაბუის მოტაცებაში ეჭვმიტანილ პირებს უკან გამოვუდექი. ეტლს შეახტნენ. იგრძნეს რომ კარგი პირი არ უჩანდა მათ ბოროტ ჩანაფიქრს. მეც შევახტი ეტლს, ჩანთიდან მწვანე ხსნარი ამოვიღე, ბოთლს თავი მოვხადე და შევძახე, – თუ არ დამემორჩილებით ამ მწვანე ხსნარს გადაგასხავთ და ბაყაყებად გაქცევთ. 

-ეგ არ ქნათ, ძალიან გთხოვთო,– მომმართეს მუდარით და ხელები ასწიეს. ისე დავადე მაჯებზე ბორკილი, პისტოლეტი არც კი დამჭირვებია. როგორც ჩანს, მორალურად განადგურებულნი იყვნენ და წინააღმდეგობის გაწევა არც უფიქრიათ. 

-თუ არ იტყვით სად არის თოვლის ბაბუა, 143-ე და 144-ე მუხლით იქნებით გასამართლებული, რომელიც რამოდენიმე წლით თქვენი თავისუფლების აღკვეთას და ეს თქვენ ძალიან კარგად უნდა იცოდეთ მეთქი.

-საიდან უნდა ვიცოდეთ, ჩვენ წერა-კითხვაც არ ვიცითო, - გამომიტყდნენ. 

-რომელი სკოლა დაამთავრეთ მეთქი, -ვკითხე.

-147-ეო მიპასუხეს. თანაც თანაკლასელები ყოფილან.

-მერე ლიტერატურას ვინ გასწავლიდათ, არ სცხვენია თქვენს მასწავლებელს, მეთქი - ვკითხე.

შერცხვათ. აღარ მინდოდა მათი ზედმეტად დამცირება, ამიტომ სხვა თემაზე ყურადღების გადასატანად საათს დავხედე, თორმეტის ნახევარი გახდა. უცბად ტელეფონმა დარეკა. პრეზიდენტი იყო, გამოძიების მსვლელობით იყო დაინტერესებული. მე დავაწყნარე, ვუთხარი, სანერვიულო არაფერია, ყველაფერი რიგზე იქნება-მეთქი. ყოველგვარი საშუალება გამოიყენეთ, ყველაფერს აგინაზღაურებთო, -შემპირდა.

გაჭენებული ეტლი საოცრად ძველ გემზე დაჯდა. გაირკვა, რომ მეკობრეები ყოფილან. იცოდნენ სად უნდა გამოევლო თოვლის ბაბუას. ლაზერის სხივით დაუბრმავებიათ საწყალი მოხუციცა და ეტლში შებმული ირმებიც, ამგვარად დაუმორჩილებიათ და საჩუქრებიც წაურთმევიათ, რომ ბაზარზე გაეყიდათ და საახალწლო სუფრა გაეშალათ.

-თქვენი უფროსი ვინ არის მეთქი, -ვიკითხე. ქალი აღმოჩნდა. თანაც საკმაოდ ახალგაზრდა. ჩაცმულობა მეკობრის ჰქონდა, თვალზე ახვეული ჩვრით, ზედა რიგში კბილიც კი აკლდა, როგორც ნამდვილ მეკობრებს შეეფერება. სულ რაღაც ხუთი წუთი დამჭირდა, რომ გარანტიები მიმეცა იმის თაობაზე, რომ თუ თოვლის ბაბუას ახლავე გაუშვებდნენ თავიანთი საჩუქრებიანად, ყველაფერი ეპატიებოდათ, თან საკრედიტო ბარათიც კი მივეცი, -ამაღამ ნურაფერს დაიკლებთ მეთქი, მე კი, სიტყვის გარანტი, პირატების გემზე უნდა დავრჩენილიყავი. არ ელოდნენ, რომ ასეთ რამეზე წავიდოდი.

-კოდი?-იკითხეს მეკობრეებმა.

-კოდს მაშინ მოგცემთ, როდესაც თოვლის ბაბუას დანიშნულების ადგილამდე მიიყვანთ . იდგნენ და უკბილო უფროსს შეჰყურებდნენ. უფროსმა თავიდან ფეხებამდე შემათვალიერა, თანხმობის ნიშნად მეკობრეებს თავი დაუკრა და ბრძანა: თოვლის ბაბუა გააცილეთ, საჩუქრებიც დანიშნულების ადგილამდე მიატანინეთ და როგორც ამ ჯენტლმენმა ბრძანა, ისე მოიქეცით. ხვალ გამოსაშვები დღე გაქვთ, ასე რომ, ზეგ დილამდე თავისუფალნი ხართ.

თოვლის ბაბუა ჩუმად იჯდა, თვალს მარიდებდა და ლაპარაკში არც კი ერეოდა. თოთქოს ყველაფერი ფეხებზე ეკიდა, მეც, ახალი წელიც, ბავშვებიცა და საჩუქრებიც. სწორედ ამიტომაა, რომ მის მიმართ არავითარი სიმპათია არ გამაჩნია.

ყველანი წავიდნენ. მალე დარეკეს. თოვლის ბაბუამ დამარწმუნა, რომ ყველაფერი რიგზეა და ამიტომ მეკობრეებს საკრედიტო ბარათის კოდი მივეცი. ამასობაში მეკობრეთა მეთაური თავის კაიუტაში შევიდა, ტანისამოსი გამოიცვალა, ცარიელ ადგილას ბრილიანტის კბილი ჩაიდგა და ჩაიზე მიმიწვია. ბუხართან სავარძელში ჩავჯექი და წიგნებით სავსე კედლის კარადა შევათვალერე. სანამ ჩაის ადუღებდა, ზოგი წიგნის გამოღება და დათვალერებაც კი მოვასწარი. რამოდენიმე ძალიან იშვიათ გამოცემასაც კი წავაწყდი. წიგნით ხელში რომ დამინახა, ყდა შეათვალიერა, მთხოვა გვერდით გადამედო და მაგიდის გაწყობაში მივხმარებოდი.

-არ მეგონა თუ მეკობრეებს მარსელ პრუსტი აინტერესებდათ,- მივმართე მას. მან გაიღიმა, ფაიფურის ფინჯნებში ჩაი დაასხა და მითხრა, -არასდროს ენდოთ პირველ შეხედულებას.

-კი მაგრამ საიდან გაქვთ ასეთი ექსკლუზიური წიგნები, ალბათ თოვლის ბაბუას წაართვით, არა? გაიცინა.

-რას ბრძანებთ, დღეს ვიღა უკვეთავს ასეთ წიგნებს. ეს წიგნები  ჩემი დანაზოგი ფულითაა შეძენილი, გარწმუნებთ. 

-გასაგებია…

-მაშინ, თუ ნებას დამრთავთ, მეც შეკითხვით მოგმართავთ, ოღონდ ნუ მიწყენთ. როგორ მოხდა რომ პოლიციის თანამშრომელი ისეთი ნაკითხი ბრძანდებით, მარსელ პრუსტის ლიტერატურით ინტერესდებით?

მეც გამეცინა. აღარ ვიცოდი რა მეპასუხა. ბოლოს კი, კონფლიქტი რომ თავიდან აგვეცილებინა, შევთანხმდით, რომ ყველა პროფესიაშია განათლებული და გაუნათლებელი ხალხი. ვიჯექით ასე სავარძლებში, ჩაის მივირთმებდით და ათას რამეზე ვსაუბრობდით, მათ შორის მე-20 საუკუნის ევროპულ ლიტერატურაზე. ცალი თვალი ტელევიზორზე მეჭირა, რომ თვეთონ მენახა თოვლის ბაბუის დედაქალაქში გამოჩენა და მთავარ ნაძვის ხესთან საჩუქების დარიგება. ამავედროს, მეკობრეთა მეთაურს თვალს არ ვაცილებდი, თუმცა, ვცდილობდი მის მიმართ აღფრთოვანება არ გამომეაშკარავებინა.

-სამწუხაროდ ჩაის გარდა სხვა არფერი მაქვს, -მოიბოდიშა ბრილიანტის კბილიანმა მეთაურმა. თუმცა, ერთი სურპრიზი გელოდებათ, ოღონდ გვერდით ოთახში, ამ კარს უკან,- და ხის კარისკენ მიმითითა. ნეტავ რას მიპირებს-თქო, ვიფიქრე, ამიტომ ცოტა შევყოვნდი. -ნუ გეშინიათ, რაიმე ბოროტი აზრი რომ მქონოდა, უკვე ჩადენილი მექნებოდა, მენდეთ…

სურპრიზი მართლა მელოდა. კარს მიღმა საოცარი ოთახი იყო. დაბალ მაგიდაზე წიგნები ეწყო. როგორც ჩანს მხატვრების შესახებ. ერთი თვალის შევლებით ლუსიან ფროიდი და დევიდ ჰოკნი ვიცანი. უფრო ქვემოთ კი სოლ ლევიტი, ჯექსონ პოლოკი და ფრიდა კაჰლო.

-ახლა მთავარი სურპრიზი გელით, მხოლოდ თვალები უნდა დახუჭოთ.

როგორც ფილმებში ხდება, ვიფიქრე, მაკოცებს მეთქი, მაგრამ შევცდი. თვალები დავხუჭე თუ არა მხრებზე მომხვია ხელი, ორი ნაბიჯით გვერდზე გამწია, კედლისკენ პირით შემატრიალა და მითხრა, ახლა თვალები გახსენითო.

გავხსენი. გაკვირვებისაგან რამის შევყვირე. არ მეგონა, თუ ასეთი რამ ოდესმე შემემთხვეოდა. კედელზე, რომლის პირისპირაც ვიდექი ფრენსის ბეკონის ავტოპორტრეტი ეკიდა.

-შეგიძლიათ ხელითაც კი შეეხოთ. ისარგებლეთ შემთხვევით, თორემ ასეთ შესაძლებლობას მუზეუმში არასდროს არავინ მოგცემთ.
-მე, თუ წინააღმდეგი არ იქნებით, სხვა უფლებას გამოვიყენებ, -მტკიცედ გამოვთქვი, მივუახლოვდი და ტუჩებში ვაკოცე. წინააღმდეგობა არ გაუწევია. დარწმუნებული ვიყავი, რომ ნახატი მოპარული იყო. აბა საიდან უნდა ჰქონოდა უბრალო მოკვდავ მეკობრეს ბეკონის ავტოპორტრეტი, მაგრამ, სიმართლე გითხრათ, ამ ფაქტმა კიდევ უფრო მეტად გამახალისა, ბეკონის ხელისხლების ექსკლუზიური უფლება მქონდა მხოლოდ მე. მისმა სურნელმა თავბრუ დამხვია, არ ვიცი რამდენ ხანს გაგრძელდა ჩვენი ამბორი, მან უხერხულად უკან გაიწია და მითხრა: კიდევ ერთხელ გიხდით ბოდიშს, რომ ვერაფრით გიმასპინძლდებით…

ტელეფონი რეკავდა. არც კი დავინტერესებულვარ, თუ ვინ რეკავდა, ისედაც ვიცოდი, რომ პრეზიდენტო იყო,  ალბათ სურდა მადლობა გადაეხადა თოვლის ბაბუის მოძებნისთვის და ახალი წელი მოელოცა, ეთქვა, რომ ნამცხვარი “დღე და ღამე” გამოაგზავნა ჩემთან სახლში. მან არ იცოდა, რომ სახლში მობრუნებას ჯერ არ ვაპირებდი, არ ვაპირებდი ასევე ქალბატონ ვერასთან მისვლას და ამიტომ ნამცხვარიც აღარ მჭირდებოდა. ეჭვიც არ მეპარებოდა, რომ ჩემთვის არაერთხელ დანაპირები ჯილდოს გადმოცემა დაავიწყდებოდათ და ჩემი საკრედიტო ბარათიდან დახარჯულ თანხასაც არავინ ამინაზღაურებდა, მაგრამ ესეც ფეხებზე მეკიდა. პრეზიდენტს არ ვუპასუხე. მეც, მეკობრეებისა არ იყოს, გადავწყვიტე, რომ გამოსაცვლელი დღე მაქვს და ზეგ დილამდე თივისუფალი ვარ.


ლორენ-შამპანი. 2016 წ. 26 დეკემბერი

თოვლის ბაბუა კვლავ გაქრა, ანუ გადაწეული საათი




(კიდევ ერთი საახალწლო ზღაპარი)

     სამწუხაროდ, უკვე მივეჩვიეთ იმას, რომ ყოველ წელს თოვლის ბაბუას რაღაცა ემართება და დანიშნულ ადგილამდე ვერ აღწევს. ეს ან დაბნეულობის გამო მოსდის, ან კი სხვა რამის ბრალია. არ ვიცი, რა მიზეზით შეიძლება, რომ მან საკუთარი თავი ასეთ სასაცილო მდგომარეობაში ჩაიგდოს და ჭორებისა და მითქმა მოთქმის საგნად გაიხადოს. არც უკანასკნელი ახალი წელი ყოფილა გამონაკლისი. მაგრამ, მის სასარგებლოდ უნდა ითქვას, რომ ამჯერად მთლად მისი ბრალიც არ იყო, ავეზაკობისა და ქრონომანიის მსხვერპლი გახდა. თუმცა, მეტი ყურადღება რომ გამოეჩინა, ყველაფერი ეს არ მოხდებოდა.

     როგორც არაერთხელ აღმინიშნავს, პირადად მე, არ მიყვარს არც ახალი წელი და არც ის, რაც ამ გახმაურებულ დღესასწაულს სდევს თან. თოვლის ბაბუაზე აღარაფერს ვამბობ, და ან იმაზე, თუ როგორი იმედგაცრუებულნი რჩებიან ბავშვები, მშობლები, ბებიები და ბაბუები.

     სწორედ იმიტომ, რომ თავი ამერიდებინა ხალხმრავლობას, ფუსფუსს, ნაძვისხის გაუთავებელ ციმციმს, ინდაურის ბაჟესა და უაზრო სადღეგრძელოებს, გადავწყვიტე არავინ ჩამეყენებინა ჩემი გადაწყვეტილების საქმის ყურში და თბილისიდან ძალიან შორს გავმგზავრებულიყავი. ამისათვის მოვიმზადე ფოტოაპარატი, კომპასი, ჯიბის ფანარი, დენთით სავსე კოლოფი, ბოთლით არაყი და ვიოლინო, რომელსაც არცერთი სიმი აღარ შემორჩა.... ყველაფერი ეს ზურგჩანთაში ჩავაწყვე, თერთმეტ საათს დაველოდე, დავქოქე მანქანა და ფუნიკულორის გზას დავადექი. მინდოდა მანქანა სადმე შუაგზაზე დამეტოვა და სრულიად მარტო გავსულიყავი ბუნებაში. თქვენთვის, ძვირფასი მკითხველო, ალბათ ძნელი წარმოსადგენია, როგორ შეიძლება ადამიანმა ახალი წლის ღამეს მარტოდ ყოფნა მოინდომოს. გარწმუნებთ, რომ შეიძლება. მეტიც, დიდი სიამოვნებით, ყოველგვარი გადაჭარბების გარეშე.

     რამოდენიმე წელია ჩემთვის ძალიან უჩვეულოდ მთავრდება ახალწლის ღამე. ერთხელ, ბოროტ ჯადოქარ სესილიასთან აღმოვჩნდი შავი გედების ტბაზე, შემდეგ წელიწადს ორ სირინოზთან ერთად ამოვყავი თავი გაყინულ ფანტანში. შარშან კი, როგორც ფრანგები იტყვიან, “ფორფე“ გამოვაცხადე, ესე იგი ყოველგვარ ქმედებაზე უარი ვთქვი.

     ჰოდა, ფუნიკოლორის გზას მივყვები და შინდისს ვუახლოვდები. ათასი ლამაზი იდეა მიტრიალებს თავში, ბედნიერი ღიმილი მადევს სახეზე. ღია ფანჯრიდან შემოვარდნილი სუსხიანი სუფთა ჰაერით ფილტვებს ვისუფთავებ და გარემოთი ვტკბები, რომ უცბად ტელეფონი რეკავს. გადავწყვიტე არათუ არ მეპასუხა, არამედ ეკრანისთვისაც კი არ დამეხედა, რომ არ მცოდნოდა ვინ მოისურვა ჩემი მარტოობის ჩაშლა და ასე წყნარად გამეგრძელებინა გზა.

     აღმართის ერთ მონაკვეთში ბნელოდა, ერთ-ორი მანქანა თუ გაივლიდა ხოლმე გზაზე. ალბათ ისინი, ვისაც საახალწლო სუფრაზე აგვიანდებოდა. საათი კი თორმეტს უახლოვდებოდა. იმაზე დავიწყე ფიქრი, არყის მაგივრად ნეტავ რაიმე სხვა დასალევი წამომეღო მეთქი, მაგრამ ჩემი ფიქრები კვლავ ტელეფონის ზარმა გაფანტა. ინტუიცია მკარნახობდა, რომ საწყალ თოვლის ბაბუას კიდევ რაღაც შეემთხვა.

      რაც უფრო მეტს რეკავს ტელეფონი, უფრო ვჯიუტდები, არ ვპასუხობ. - არ გპასუხობ! - ვეუბნები ტელეფონს. სწორედ ამ დროს უკნიდან პატრულის მანქანა მეწევა, მასწრებს და გზას მიღობავს, მაიძულებს დავამუხრუჭო. ვჩერდები. უცბად ჩემს მანქანაში ყველა კარებიდან პოლიციელები სხდებიან და თავაზიანად მესალმებიან. მეც ვესალმები.

     -ტელეფონს რატომ არ პასუხობთ? - მეკითხება ერთ-ერთი მათგანი.

     -თქვენ შეიძლება არ იცით, მაგრამ საჭესთან ტელეფონით საუბარი აკრძალულია – ცალყბად ვპასუხობ პოლიციელებს.

     -ჩვენ ეგ ძალიან კარგად ვიცით, მაგრამ ახლა, როცა გაჩერებული ხართ, კეთილი ინებეთ და უპასუხეთ, -მეუბნება ერთ-ერთი მათგანი და მიმითითებს ტელეფონისკენ, რომელსაც კვლავ აუტყდა რეკვა.

     -მერე, კანონის წინაშე პასუხისმგებლობას თქვენ აიღებთ? - ვეკითხები.
-ამაზე არ ინერვიულოთ, - მაწყნარებს მეორე პოლიციელი. მე მათ შევყურებ, ისინი კი მე. გაუნძრევლად ზიან და ელიან, რომ ტელეფონს ვუპასუხო.

     უხერხულად ვიგრძენი თავი. გავღიზიანდი, რომ პატრული, რომელიც ახალწლის ღამეს, სახლში სუფრას უნდა იჯდეს, სადღეგრძელოებს სვამდეს და ნამცხვრებს მიირთმევდეს, ჩემს მანქანაში მითითებებს იძლევა. ღმერთო ჩემო, რა სწორად გადავწყვიტე, რომ მარტო დავრჩენილიყავი ამ ახალი წლის ღამეს. მარტოობას არაფერი სჯობს...

     ამ ფიქრებში ვარ გართული, რომ ტელეფონი კვლავ რეკავს. მე კვლავ ჯიუტად არ ვპასუხობ. პოლიციელები ხან მე შემომცქერიან, ხან ტელეფონს. ელიან, რომ ბოლოს და ბოლოს ვუპასუხო. ბოლოს, როდესაც მომბეზრდა ჩემს მანქანაში პატრულის ჯდომა, პოლიციელებს კი იმედი გადაეწურად, რომ ოდესმე ვუპასუხებ, მოულოდნელად ტელეფონს ხელს ვტაცებ და ვპასუხობ. თვით პრეზიდენტი რეკავს. ხმაზე ვხვდები, რომ ცუდად არის საქმე.

     -თოვლის ბაბუა ისევ დაიკარგა, -ისმის პრეზიდენტის შეწუხებული ხმა ყურმილიდან და ამატებს, - მის მაგივრად კი ვიღაც თაღლითი არიგებს ენითაუწერეს ნაგავს და ვადაგასულ კანფეტებს.

     მინდოდა მეთქვა, რომ ეს პირველად არ ხდება, რომ მომბერდა თოვლის ბაბუას არასერიოზული ქცევა, რომ ეშმაკსაც წაუღია მისი ტკბილეულობა, რომლისგანაც ბავშვებს კბილების უფუჭდებათ, და ასევე ჩინეთში დამზადებული სათამაშოები, რომლებიც იმავე საღამოს უტყდებათ. მაგრამ თავი შევიკავე.

     პრეზიდენტს საპასუხოდ უნდოდა ეთქვა, რომ საქმე უბრალო ადამიანს კი არა, თოვლის ბაბუას ეხება, მაგრამ იმანაც თავი შეიკავა.

     მის ართქმულ პასუხზე მინდოდა მეპასუხა, რომ თუ ასე აღელვებდათ თოვლის ბაბუის ბედი, ან პენსიაში გაეშვათ, ან მისთვის შემცვლელი მოეძებნათ. და თუ შემცვლელს ვერ პოულობდნენ, მისთის დაცვა გამოეყოთ, კამერები და მიკროფონები დაემონტაჟებინათ და თვალყური ედევნეთ ვისთან და სად დადის. და რომ ნუ დავივიწყდებთ, რომ შარშანწინ, ასევე საახალწლო ღამეს, იგი ვიღაც საეჭვო პირებს კარტს ეთამაშებოდა და საჩუქებისა და თავისი სინთეთიური ტანისამოსის დიდი ნაწილი წააგო! მაგრამ კვლავ თავი შევიკავე და არაფერი ვუპასუხე. თან, სიმართლე გითხრათ, შემეცოდა ეს თეთრწვერა უტვინო მოხუცი, სინდისის ქეჯნა ვიგრძენი და სპეციალურ მისიას დავთანხმდი.

     -თქვენ ამ მისიის შემდეგ აუცილებლად დაგაჯილდოვებთ, - დამპირდა პრეზიდენტი.

     -შარშანაც ზუსტად იგივეს ამბობდით, ბატონო პრეზიდენტო, -შევნიშნე მე.

     -გვეყოფა ამდენი ლაპარაკი, თორმეტს ოცი წუთიღა აკლია, - მომიჭრა პრეზიდენტმა და საქართველოს ჰიმნი ჩამირთო...

     რადგან დავთანხმდი, სხვა რა გზა მქონდა, ფეხით გასეირნება გვერდით გადავდე და სპეც ოპერაციის შესასრულებად მოვემზადე. გადავწყვიტე თოვლის ბაბუა გამენთავისუფლებინა, მერე კი, მაგ ბებებრი მაიმუნისთვის, ერთი პანჩური ამომერტყა.

     თბილისს მივუბრუნდი. მეგონა, რომ დავაგვიანე, მაგრამ თავისუფლების მოედნის საათი თორმეტის ნახევარს აჩვენებდა, ჩემი მაჯის საათი კი, რომელიც ჩამორჩენილი მეგონა და რამოდენიმე საათის წინ გასწორება მომიწია, პირველის ნახევარს. ცოტა ხანში გაირკვა, რომ სხვისმა საათებმაც აურიეს. აქედან მხოლოდ ერთი დასკვნის გაკეთება შეიძლებოდა- ვიღაცა ავაზაკმა, ან შეიძლება ავაზაკების მთელმა ორგანიზებულმა ჯგუფმა საათების გადაწევითა და მსგავსი ხრიკებით ახალი წლის ჩაშლა განიზრახა.

     ერთხელ, ჩემს ახალგაზრდობაში, მთელს ინსტიტუტში გადაწიეს საათები, რომ ლექციები ჩაეშალათ. ერთხელ კი, არდადეგებზე გამგზავრების დღეს ასეთი “ქრონოპათების“ ერთმა მანიაკალურმა ჯგუფმა რკინიგზის სადგურში და მასთან მიმდებარე ყველა ქუჩაზე სწორედ ასეთი რამ ჩაიდინა. ეს ეჭვას არ ტოვებდა, რომ მათი ნამოქმედარი იყო ეს ყველაფერი.

     რუსთაველის გამზირზე უცბად საახალწლო ფაიტონი გამოვარდა, რომელშიც ტრადიციული ირმების ნაცვლად პლასტმასის რქებიანი ცხენები იყვნენ შებმული. შიგ კი უცნაური გარეგნობის თოვლის ბაბუა იჯდა. რადგან არც პოლიციებსა და არც მოსახლეობას იგი ახლოდან ნანახი არასდროს ყოლია, ყოველგვარი ეჭვის გარეშე ხელების ქნევითა და შეძახილებით მიიღეს იგი. ისიც, თავისი კმაყოფილებით დამტკბარი, თავს აქიცინებდა, აქეთ-იქით კანფეტებს ისროდა და ხმამაღლა გაჰყვიროდა, რომ კრიზისის გამო ბევრი თქვენთაგანი საჩუქარს ვერ მიიღებს და თუ რაიმე მაინც შეგხვდათ, ამასაც დაჯერდითო. მან ასევე სინანული გამოთქვა, რომ ოროსანი მოსწავლეები  ვერც საჩუქრებსა და ვერც საახალწლო მილოცვებს ვერ მიიღებენ. ერთმა მამაკაცმა, წარსულში ალბათ ჩემსავით ოროსანმა, საკუთარ თავს თოვლის ბაბუასთან შეკამათების უფლება მისცა. ფაიტონში მჯდარმა თოვლის ბაბუამ გაღიზიანებაზე გაღიზიანებითვე უპასუხა. დაძაბულობის ესკავაციამ უბრალო შელაპარაკება კონფლიქტის დონემდე მიიყვანა, ბოლოს კი იმით დამთავრდა, რომ თოვლის ბაბუამ ფაიტონიდან ხელი გადმოყო და მამაკაცს კეფაში ისეთი ძალით წამოარტყა, რომ საცოდავს ქუდი მოსძვრა, წაიბორძიკა და კინაღამ ცხვირით დაასკდა ქვაფენილს.

     არ დავბნეულვარ, შევხტი ფაიტონის საფეხუზე, თვითმარქვია თოვლის ბაბუას წვერებში ჩავავლე ხელი და ჩემსკენ მოვქაჩე, მაგრამ რეზინზე გამობმული წვერი შემრჩა ხელს. გაქცევა სცადა, მაგრამ არ ვაცალე, მაჯაში მაგრად ჩავავლე ხელი და ჩემსკენ შემოვატრიალე. ჩემდა გასაკვირად ქალი აღმოჩნდა, თანაც ძალიან ლამაზი ქალი. აღარ ვიცოდი რა მექნა. ჯერ ფაიტონი შავაჩერე. ვიფიქრე ბორკილებს დავადებ-მეთქი, მაგრამ ჩემს ზურჩანთაში ამის მსგავსი არაფერი აღმოჩნდა. პატრულს უნდა დავლოდებოდი. ამიტომ დროის გასაყვანად შეკითხვის დასმა დავუწყე.

     -აბა მითხარით ქალბატონო, თქვენი მეგობარი “ქრონომანიაკები“ სად იმალებიან? აბა სწრაფად, მათი მისამართები და ტელეფონონის ნომრები მომეცით, -თან ჯიბიდან პატარა ბლოკნოტი და კალამი ამოვიღე და ჩასაწერად მოვემზადე.

     -არ დამიჯერებთ, მაგრამ მარტო ვმუშაობ, თუ ამას, რა თქმა უნდა, მუშაობა შეიძლება რომ ერქვას. თოვლის ბაბუა კი, მერწმუნეთ, არავითარ საფრთხეში არ იმყოფება, აუცილებლად მოვა, პატარა დაგვიანებით. მე კი იზაბელა მქვია.

     მისმა პასუხმა დამაწყნარა. სიმართლეს გავდა ეს ყველაფერი, რადგან მის ლამაზ თვალებში ტყუილის თქმის ვერავითარი მცდელობა ვერ ამოვიკითხე. ქუჩაში ჟრიამული და საზეიმო განწყობილება სუფევდა. ვიღაცეები უკვე მღეროდნენ, ვიღაცეები ცეკვავდნენ კიდეც. გადავწყვიტე მკაცრი ტონი შემენარჩუნებინა, არ გამეღიმა და არ მემხიარულა.

     -აბა ახლა თქვენს მოტივაციაზე მელაპარაკეთ ქალბატონო, რატომ ჩაიდინეთ ასეთი რამ?

     -გასართობად, - მოკლედ მიპასუხა მან და განაგძო, -იცით, ახალი წლის ღამეს ყოველთვის მოწყენილი ვარ.

     -რატომ?

    -მომბეზრდა ტრადიციული ახალი წელი, ხალხმრავლობა და ბანალური ღიმილი. რამოდენიმე წლის წინ ისიც კი გადავწყვიტე, მარტოდ გამეტარებინა ახალი წლის ღამე და სადმე ბუნებაში მესეირნა. მერე კი მივხვდი, რომ მარტოდ ყოფნა თავისთავად მოსაწყენია და ასეთი ოინების მოფიქრებაზე გადავედი.

     მისი სახიდან მოგლეჯილი მატერიალური მტკიცებულება - ნეილონის თეთრი წვერი, ჯერ კიდევ ხელში მეჭირა. ბოლოს მომბეზრდა მისი ხელში ჭერა, ავიღე და მის დასანახავად ძირს მოვისროლე, მერე კი ვუთხარი, -არ გეგონოთ, რომ ასე ადვილად გაგანთავისუფლებთ, მე ჩემი დავალებები მაქვს. მოკლედ სახლში ვერ გაგიშვებთ...

    -სიმართლე გითხრათ, არსად ვაპირებ წასვლას, აქ, თვენთან ერთადაც ძალიან კარგად ვგრძნობ თავს...

     სულ რაღაც საათნახევარში, როცა თოვლის ბაბუა მოიძებნა და ახალი წელი თავის კალაპოტში ჩადგა, სუფრასთან დავსხედით: მე, თოვლის ბაბუა, საათების გადამწეველი იზაბელა (თუმცა მისი ვინაობა არავისთვის გამიმხელია) და მგონი პრეზიდენტიც. ვიჯექით, ვჭამდით და ვსვამდით. მე, როგორც ჩაფიქრებული მქონდა, თოვლის ბაბუასთვის პანჩურის ამორტყმაზე დავიწყე ფიქრი და მოსახელთებელ მომენტს დავუწყე ძებნა. როგორც ჩანს იზაბელა მიმიხვდა ჩემს ჩანაფიქრს, ჯერ თოვლის ბაბუას საჯდომს დაუწყო ცქერა, მერე ჩემს მარჯვენა ფეხს, ბოლოს კი საჩვენებელი თითის ლამაზი მოძრაობით ამიკრძალა განზრახული საქციელის ჩადენა. მერე ელეგანტურად იმავე საქვენებელ თითს აკოცა და ჩემსკენ გამოიშვირა.

     მიუხედავად იმისა, რომ ჩემი ფოტოაპარატი, კომპასი, ჯიბის ფანარი, დენთით სავსე კოლოფი, არყით სავსე ბოთლი და უსიმებო ვიოლინო არაფერში გამომადგა, მაინც წყნარად ვგრძნობდი თავს. ვიფიქრე, საახალწლო სადღეგრძელოში იზაბელას ვუსურვებ საათების გადაწევისათვის თავის დანებებას, მაგრამ თავი შევიკავე, ვიფიქრე, პატარა ბავშვი არ არის და ძალიან კარგად იცის, რასაც აკეთებს -მეთქი. თუმცა, მოგვიანებით, თვითონ მომცა პირობა, რომ ახალ წელს საათების გადაწევას დაანებებდა თავს, მაგრამ მხოლოდ ერთი წლით. გამოდიოდა, რომ ქრონომანიაკი იზაბელა მომავალი წლისთვის, როგორც ფრანგები იტყვიან, „ფორფეს“ აცხადებდა.

     როცა დავთვერი და იზაბელასთან უფრო ახლო და ინტიმურ სიტუაციაში აღმოვჩნდი, მაჯიდან საათი მოვიხსენი, გავუწოდე და ვთხოვე გადაეწია, თუკი ამიგან ასეთ სიამოვნებას იღებდა.

     -თქვენს საათს გადაწევა არ სჭირდება,-თქვა იზაბელამ და გაიცინა,- უკვე გადაწეულია. მე გადავწიე, კიდევ ცოტა ხანი ერთად რომ გაგვეტარებინა.

     არ ვიცი როგორ, მაგრამ საათი მართლაც გადაწეული დამხვდა. ნიჭიერმა რეციდივისტმა იზაბელამ შესძლო გადაეწია საათი, რომელიც მაჯიდან არც კი მომიხსნია. ამან მხოლოდ გამამხიაეულა, რადგან დროის ცოდნა მაინც აღარაფერში გვჭირდებოდა, არც მე და არც სხვებს: არსად გვეჩქარებოდა, არსად გვაგვიანდებოდა. გარეთ თოვდა, ნაძვისხე ციმციმებდა, ვიღაც მღეროდა. ბედნიერები ვიყავით: მეც, იზაბელაც, თოვლის ბაბუაც და მგონი პრეზიდენტიც.

                                                ზღვისპირა ალპები. 2013 წლის 20 დეკემბერი.