(კიდევ ერთი საახალწლო ზღაპარი)
სამწუხაროდ, უკვე
მივეჩვიეთ იმას, რომ ყოველ
წელს თოვლის ბაბუას რაღაცა
ემართება და დანიშნულ ადგილამდე
ვერ აღწევს. ეს ან დაბნეულობის გამო მოსდის, ან კი სხვა რამის ბრალია. არ ვიცი, რა მიზეზით
შეიძლება, რომ მან საკუთარი თავი
ასეთ სასაცილო მდგომარეობაში
ჩაიგდოს და ჭორებისა და მითქმა
მოთქმის საგნად გაიხადოს. არც
უკანასკნელი ახალი წელი ყოფილა
გამონაკლისი. მაგრამ, მის
სასარგებლოდ უნდა ითქვას,
რომ ამჯერად მთლად მისი ბრალიც არ
იყო, ავეზაკობისა და
ქრონომანიის მსხვერპლი გახდა.
თუმცა, მეტი ყურადღება რომ
გამოეჩინა, ყველაფერი ეს არ მოხდებოდა.
როგორც არაერთხელ
აღმინიშნავს, პირადად მე, არ
მიყვარს არც ახალი წელი და
არც ის, რაც ამ გახმაურებულ
დღესასწაულს სდევს თან. თოვლის
ბაბუაზე აღარაფერს ვამბობ,
და ან იმაზე, თუ როგორი
იმედგაცრუებულნი რჩებიან
ბავშვები, მშობლები, ბებიები
და ბაბუები.
სწორედ იმიტომ,
რომ თავი ამერიდებინა
ხალხმრავლობას, ფუსფუსს,
ნაძვისხის გაუთავებელ ციმციმს,
ინდაურის ბაჟესა და უაზრო
სადღეგრძელოებს, გადავწყვიტე
არავინ ჩამეყენებინა ჩემი
გადაწყვეტილების საქმის
ყურში და თბილისიდან ძალიან
შორს გავმგზავრებულიყავი.
ამისათვის მოვიმზადე ფოტოაპარატი,
კომპასი, ჯიბის ფანარი, დენთით
სავსე კოლოფი, ბოთლით არაყი
და ვიოლინო, რომელსაც არცერთი
სიმი აღარ შემორჩა.... ყველაფერი
ეს ზურგჩანთაში ჩავაწყვე,
თერთმეტ საათს დაველოდე,
დავქოქე მანქანა და ფუნიკულორის
გზას დავადექი. მინდოდა მანქანა
სადმე შუაგზაზე დამეტოვა და
სრულიად მარტო გავსულიყავი
ბუნებაში. თქვენთვის, ძვირფასი
მკითხველო, ალბათ ძნელი
წარმოსადგენია, როგორ შეიძლება
ადამიანმა ახალი წლის ღამეს
მარტოდ ყოფნა მოინდომოს.
გარწმუნებთ, რომ შეიძლება.
მეტიც, დიდი სიამოვნებით,
ყოველგვარი გადაჭარბების
გარეშე.
რამოდენიმე წელია
ჩემთვის ძალიან უჩვეულოდ
მთავრდება ახალწლის ღამე.
ერთხელ, ბოროტ ჯადოქარ სესილიასთან
აღმოვჩნდი შავი გედების
ტბაზე, შემდეგ წელიწადს ორ
სირინოზთან ერთად ამოვყავი
თავი გაყინულ ფანტანში. შარშან
კი, როგორც ფრანგები იტყვიან,
“ფორფე“ გამოვაცხადე, ესე
იგი ყოველგვარ ქმედებაზე
უარი ვთქვი.
ჰოდა, ფუნიკოლორის
გზას მივყვები და შინდისს
ვუახლოვდები. ათასი ლამაზი
იდეა მიტრიალებს თავში, ბედნიერი
ღიმილი მადევს სახეზე. ღია
ფანჯრიდან შემოვარდნილი
სუსხიანი სუფთა ჰაერით ფილტვებს
ვისუფთავებ და გარემოთი
ვტკბები, რომ უცბად ტელეფონი
რეკავს. გადავწყვიტე არათუ
არ მეპასუხა, არამედ ეკრანისთვისაც
კი არ დამეხედა, რომ არ მცოდნოდა ვინ მოისურვა ჩემი მარტოობის ჩაშლა და ასე
წყნარად გამეგრძელებინა გზა.
აღმართის ერთ
მონაკვეთში ბნელოდა, ერთ-ორი
მანქანა თუ გაივლიდა ხოლმე
გზაზე. ალბათ ისინი, ვისაც
საახალწლო სუფრაზე აგვიანდებოდა.
საათი კი თორმეტს უახლოვდებოდა.
იმაზე დავიწყე ფიქრი, არყის
მაგივრად ნეტავ რაიმე სხვა
დასალევი წამომეღო მეთქი, მაგრამ ჩემი ფიქრები კვლავ
ტელეფონის ზარმა გაფანტა.
ინტუიცია მკარნახობდა, რომ
საწყალ თოვლის ბაბუას კიდევ
რაღაც შეემთხვა.
რაც უფრო მეტს
რეკავს ტელეფონი, უფრო ვჯიუტდები, არ ვპასუხობ. - არ გპასუხობ! - ვეუბნები ტელეფონს.
სწორედ ამ დროს უკნიდან პატრულის
მანქანა მეწევა, მასწრებს და
გზას მიღობავს, მაიძულებს
დავამუხრუჭო. ვჩერდები. უცბად
ჩემს მანქანაში ყველა კარებიდან
პოლიციელები სხდებიან და
თავაზიანად მესალმებიან. მეც
ვესალმები.
-ტელეფონს რატომ
არ პასუხობთ? - მეკითხება
ერთ-ერთი მათგანი.
-თქვენ შეიძლება
არ იცით, მაგრამ საჭესთან
ტელეფონით საუბარი აკრძალულია
– ცალყბად ვპასუხობ პოლიციელებს.
-ჩვენ ეგ ძალიან
კარგად ვიცით, მაგრამ ახლა,
როცა გაჩერებული ხართ, კეთილი
ინებეთ და უპასუხეთ, -მეუბნება
ერთ-ერთი მათგანი და მიმითითებს
ტელეფონისკენ, რომელსაც კვლავ
აუტყდა რეკვა.
-მერე, კანონის
წინაშე პასუხისმგებლობას
თქვენ აიღებთ? - ვეკითხები.
-ამაზე არ ინერვიულოთ,
- მაწყნარებს მეორე პოლიციელი.
მე მათ შევყურებ, ისინი კი მე.
გაუნძრევლად ზიან და ელიან,
რომ ტელეფონს ვუპასუხო.
უხერხულად ვიგრძენი
თავი. გავღიზიანდი, რომ პატრული,
რომელიც ახალწლის ღამეს,
სახლში სუფრას უნდა იჯდეს,
სადღეგრძელოებს სვამდეს და
ნამცხვრებს მიირთმევდეს,
ჩემს მანქანაში მითითებებს
იძლევა. ღმერთო ჩემო, რა სწორად
გადავწყვიტე, რომ მარტო დავრჩენილიყავი
ამ ახალი წლის ღამეს. მარტოობას
არაფერი სჯობს...
ამ ფიქრებში ვარ
გართული, რომ ტელეფონი კვლავ
რეკავს. მე კვლავ ჯიუტად არ
ვპასუხობ. პოლიციელები ხან
მე შემომცქერიან, ხან ტელეფონს.
ელიან, რომ ბოლოს და ბოლოს ვუპასუხო.
ბოლოს, როდესაც მომბეზრდა
ჩემს მანქანაში პატრულის
ჯდომა, პოლიციელებს კი იმედი
გადაეწურად, რომ ოდესმე
ვუპასუხებ, მოულოდნელად ტელეფონს ხელს
ვტაცებ და ვპასუხობ. თვით
პრეზიდენტი რეკავს. ხმაზე
ვხვდები, რომ ცუდად არის საქმე.
-თოვლის ბაბუა
ისევ დაიკარგა, -ისმის პრეზიდენტის
შეწუხებული ხმა ყურმილიდან
და ამატებს, - მის მაგივრად კი
ვიღაც თაღლითი არიგებს ენითაუწერეს ნაგავს და ვადაგასულ კანფეტებს.
მინდოდა მეთქვა,
რომ ეს პირველად არ ხდება, რომ
მომბერდა თოვლის ბაბუას
არასერიოზული ქცევა, რომ
ეშმაკსაც წაუღია მისი ტკბილეულობა,
რომლისგანაც ბავშვებს კბილების
უფუჭდებათ, და ასევე ჩინეთში
დამზადებული სათამაშოები,
რომლებიც იმავე საღამოს
უტყდებათ. მაგრამ თავი შევიკავე.
პრეზიდენტს საპასუხოდ უნდოდა ეთქვა, რომ საქმე უბრალო
ადამიანს კი არა, თოვლის ბაბუას
ეხება, მაგრამ იმანაც თავი შეიკავა.
მის ართქმულ პასუხზე მინდოდა
მეპასუხა, რომ თუ ასე აღელვებდათ
თოვლის ბაბუის ბედი, ან პენსიაში
გაეშვათ, ან მისთვის შემცვლელი
მოეძებნათ. და თუ შემცვლელს
ვერ პოულობდნენ, მისთის დაცვა
გამოეყოთ, კამერები და მიკროფონები
დაემონტაჟებინათ და თვალყური
ედევნეთ ვისთან და სად დადის.
და რომ ნუ დავივიწყდებთ, რომ
შარშანწინ, ასევე საახალწლო ღამეს, იგი ვიღაც
საეჭვო პირებს კარტს ეთამაშებოდა და საჩუქებისა და თავისი
სინთეთიური ტანისამოსის
დიდი ნაწილი წააგო! მაგრამ კვლავ თავი შევიკავე და არაფერი
ვუპასუხე. თან, სიმართლე
გითხრათ, შემეცოდა ეს თეთრწვერა
უტვინო მოხუცი, სინდისის ქეჯნა
ვიგრძენი და სპეციალურ მისიას
დავთანხმდი.
-თქვენ ამ მისიის
შემდეგ აუცილებლად დაგაჯილდოვებთ,
- დამპირდა პრეზიდენტი.
-შარშანაც ზუსტად
იგივეს ამბობდით, ბატონო
პრეზიდენტო, -შევნიშნე მე.
-გვეყოფა ამდენი
ლაპარაკი, თორმეტს ოცი წუთიღა
აკლია, - მომიჭრა პრეზიდენტმა
და საქართველოს ჰიმნი ჩამირთო...
რადგან დავთანხმდი,
სხვა რა გზა მქონდა, ფეხით
გასეირნება გვერდით გადავდე
და სპეც ოპერაციის შესასრულებად
მოვემზადე. გადავწყვიტე თოვლის
ბაბუა გამენთავისუფლებინა,
მერე კი, მაგ ბებებრი მაიმუნისთვის, ერთი პანჩური ამომერტყა.
თბილისს მივუბრუნდი.
მეგონა, რომ დავაგვიანე, მაგრამ
თავისუფლების მოედნის საათი
თორმეტის ნახევარს აჩვენებდა,
ჩემი მაჯის საათი კი, რომელიც
ჩამორჩენილი მეგონა და რამოდენიმე
საათის წინ გასწორება მომიწია, პირველის ნახევარს.
ცოტა ხანში გაირკვა, რომ სხვისმა
საათებმაც აურიეს. აქედან
მხოლოდ ერთი დასკვნის გაკეთება
შეიძლებოდა- ვიღაცა ავაზაკმა,
ან შეიძლება ავაზაკების მთელმა
ორგანიზებულმა ჯგუფმა საათების
გადაწევითა და მსგავსი ხრიკებით ახალი წლის ჩაშლა განიზრახა.
ერთხელ, ჩემს
ახალგაზრდობაში, მთელს
ინსტიტუტში გადაწიეს საათები,
რომ ლექციები ჩაეშალათ. ერთხელ
კი, არდადეგებზე გამგზავრების
დღეს ასეთი “ქრონოპათების“
ერთმა მანიაკალურმა ჯგუფმა
რკინიგზის სადგურში და მასთან
მიმდებარე ყველა ქუჩაზე სწორედ
ასეთი რამ ჩაიდინა. ეს ეჭვას
არ ტოვებდა, რომ მათი ნამოქმედარი
იყო ეს ყველაფერი.
რუსთაველის გამზირზე
უცბად საახალწლო ფაიტონი
გამოვარდა, რომელშიც ტრადიციული ირმების ნაცვლად პლასტმასის
რქებიანი ცხენები იყვნენ
შებმული. შიგ კი უცნაური
გარეგნობის თოვლის ბაბუა
იჯდა. რადგან არც პოლიციებსა
და არც მოსახლეობას იგი ახლოდან
ნანახი არასდროს ყოლია, ყოველგვარი ეჭვის გარეშე ხელების ქნევითა
და შეძახილებით მიიღეს იგი.
ისიც, თავისი კმაყოფილებით
დამტკბარი, თავს აქიცინებდა,
აქეთ-იქით კანფეტებს ისროდა
და ხმამაღლა გაჰყვიროდა, რომ
კრიზისის გამო ბევრი თქვენთაგანი საჩუქარს ვერ მიიღებს და თუ რაიმე მაინც შეგხვდათ, ამასაც დაჯერდითო. მან ასევე სინანული გამოთქვა, რომ ოროსანი მოსწავლეები ვერც
საჩუქრებსა და ვერც საახალწლო
მილოცვებს ვერ მიიღებენ. ერთმა
მამაკაცმა, წარსულში ალბათ
ჩემსავით ოროსანმა, საკუთარ
თავს თოვლის ბაბუასთან
შეკამათების უფლება მისცა. ფაიტონში მჯდარმა თოვლის ბაბუამ გაღიზიანებაზე გაღიზიანებითვე უპასუხა. დაძაბულობის ესკავაციამ უბრალო შელაპარაკება კონფლიქტის დონემდე მიიყვანა, ბოლოს კი იმით
დამთავრდა, რომ თოვლის ბაბუამ
ფაიტონიდან ხელი გადმოყო და
მამაკაცს კეფაში ისეთი ძალით
წამოარტყა, რომ საცოდავს ქუდი
მოსძვრა, წაიბორძიკა და კინაღამ ცხვირით
დაასკდა ქვაფენილს.
არ
დავბნეულვარ, შევხტი ფაიტონის
საფეხუზე, თვითმარქვია
თოვლის ბაბუას წვერებში ჩავავლე
ხელი და ჩემსკენ მოვქაჩე,
მაგრამ რეზინზე გამობმული
წვერი შემრჩა ხელს. გაქცევა
სცადა, მაგრამ არ ვაცალე, მაჯაში მაგრად ჩავავლე ხელი და ჩემსკენ
შემოვატრიალე. ჩემდა გასაკვირად
ქალი აღმოჩნდა, თანაც ძალიან
ლამაზი ქალი. აღარ ვიცოდი რა
მექნა. ჯერ ფაიტონი შავაჩერე.
ვიფიქრე ბორკილებს დავადებ-მეთქი,
მაგრამ ჩემს ზურჩანთაში ამის
მსგავსი არაფერი აღმოჩნდა.
პატრულს უნდა დავლოდებოდი.
ამიტომ დროის გასაყვანად
შეკითხვის დასმა დავუწყე.
-აბა
მითხარით ქალბატონო, თქვენი
მეგობარი “ქრონომანიაკები“
სად იმალებიან? აბა სწრაფად,
მათი მისამართები და ტელეფონონის
ნომრები მომეცით, -თან ჯიბიდან
პატარა ბლოკნოტი და კალამი
ამოვიღე და ჩასაწერად მოვემზადე.
-არ
დამიჯერებთ, მაგრამ მარტო
ვმუშაობ, თუ ამას, რა თქმა უნდა,
მუშაობა შეიძლება რომ ერქვას.
თოვლის ბაბუა კი, მერწმუნეთ,
არავითარ საფრთხეში არ იმყოფება,
აუცილებლად მოვა, პატარა დაგვიანებით. მე კი იზაბელა მქვია.
მისმა
პასუხმა დამაწყნარა. სიმართლეს
გავდა ეს ყველაფერი, რადგან
მის ლამაზ თვალებში ტყუილის
თქმის ვერავითარი მცდელობა
ვერ ამოვიკითხე. ქუჩაში ჟრიამული
და საზეიმო განწყობილება
სუფევდა. ვიღაცეები უკვე
მღეროდნენ, ვიღაცეები ცეკვავდნენ
კიდეც. გადავწყვიტე მკაცრი
ტონი შემენარჩუნებინა, არ
გამეღიმა და არ მემხიარულა.
-აბა
ახლა თქვენს მოტივაციაზე მელაპარაკეთ ქალბატონო, რატომ ჩაიდინეთ
ასეთი რამ?
-გასართობად,
- მოკლედ მიპასუხა მან და
განაგძო, -იცით, ახალი წლის ღამეს
ყოველთვის მოწყენილი ვარ.
-რატომ?
-მომბეზრდა
ტრადიციული ახალი წელი, ხალხმრავლობა და ბანალური ღიმილი. რამოდენიმე
წლის წინ ისიც კი გადავწყვიტე, მარტოდ გამეტარებინა ახალი
წლის ღამე და სადმე ბუნებაში მესეირნა. მერე კი მივხვდი,
რომ მარტოდ ყოფნა თავისთავად
მოსაწყენია და ასეთი ოინების მოფიქრებაზე გადავედი.
მისი სახიდან
მოგლეჯილი მატერიალური მტკიცებულება - ნეილონის თეთრი
წვერი, ჯერ კიდევ ხელში მეჭირა.
ბოლოს მომბეზრდა მისი ხელში
ჭერა, ავიღე და მის დასანახავად
ძირს მოვისროლე, მერე კი
ვუთხარი, -არ გეგონოთ, რომ ასე
ადვილად გაგანთავისუფლებთ,
მე ჩემი დავალებები მაქვს.
მოკლედ სახლში ვერ გაგიშვებთ...
-სიმართლე
გითხრათ, არსად ვაპირებ წასვლას,
აქ, თვენთან ერთადაც ძალიან
კარგად ვგრძნობ თავს...
სულ
რაღაც საათნახევარში, როცა
თოვლის ბაბუა მოიძებნა და
ახალი წელი თავის კალაპოტში
ჩადგა, სუფრასთან დავსხედით:
მე, თოვლის ბაბუა, საათების
გადამწეველი იზაბელა (თუმცა
მისი ვინაობა არავისთვის
გამიმხელია) და მგონი პრეზიდენტიც.
ვიჯექით, ვჭამდით და ვსვამდით.
მე, როგორც ჩაფიქრებული მქონდა, თოვლის ბაბუასთვის პანჩურის ამორტყმაზე დავიწყე
ფიქრი და მოსახელთებელ მომენტს
დავუწყე ძებნა. როგორც ჩანს
იზაბელა მიმიხვდა ჩემს
ჩანაფიქრს, ჯერ თოვლის ბაბუას
საჯდომს დაუწყო ცქერა, მერე
ჩემს მარჯვენა ფეხს, ბოლოს
კი საჩვენებელი თითის ლამაზი
მოძრაობით ამიკრძალა განზრახული საქციელის ჩადენა.
მერე ელეგანტურად იმავე
საქვენებელ თითს აკოცა და
ჩემსკენ გამოიშვირა.
მიუხედავად
იმისა, რომ ჩემი ფოტოაპარატი,
კომპასი, ჯიბის ფანარი, დენთით
სავსე კოლოფი, არყით სავსე
ბოთლი და უსიმებო ვიოლინო
არაფერში გამომადგა, მაინც
წყნარად ვგრძნობდი თავს.
ვიფიქრე, საახალწლო სადღეგრძელოში
იზაბელას ვუსურვებ საათების
გადაწევისათვის თავის დანებებას,
მაგრამ თავი შევიკავე, ვიფიქრე,
პატარა ბავშვი არ არის და
ძალიან კარგად იცის, რასაც
აკეთებს -მეთქი. თუმცა, მოგვიანებით,
თვითონ მომცა პირობა, რომ ახალ
წელს საათების გადაწევას
დაანებებდა თავს, მაგრამ
მხოლოდ ერთი წლით. გამოდიოდა,
რომ ქრონომანიაკი იზაბელა მომავალი
წლისთვის, როგორც ფრანგები
იტყვიან, „ფორფეს“ აცხადებდა.
როცა
დავთვერი და იზაბელასთან
უფრო ახლო და ინტიმურ სიტუაციაში
აღმოვჩნდი, მაჯიდან საათი
მოვიხსენი, გავუწოდე და ვთხოვე
გადაეწია, თუკი ამიგან ასეთ
სიამოვნებას იღებდა.
-თქვენს
საათს გადაწევა არ სჭირდება,-თქვა
იზაბელამ და გაიცინა,- უკვე
გადაწეულია. მე გადავწიე,
კიდევ ცოტა ხანი ერთად რომ
გაგვეტარებინა.
არ ვიცი როგორ, მაგრამ საათი
მართლაც გადაწეული დამხვდა.
ნიჭიერმა რეციდივისტმა
იზაბელამ შესძლო გადაეწია
საათი, რომელიც მაჯიდან არც
კი მომიხსნია. ამან მხოლოდ
გამამხიაეულა, რადგან დროის
ცოდნა მაინც აღარაფერში
გვჭირდებოდა, არც მე და არც
სხვებს: არსად გვეჩქარებოდა,
არსად გვაგვიანდებოდა. გარეთ
თოვდა, ნაძვისხე ციმციმებდა,
ვიღაც მღეროდა. ბედნიერები
ვიყავით: მეც, იზაბელაც, თოვლის
ბაბუაც და მგონი პრეზიდენტიც.
ზღვისპირა ალპები. 2013 წლის 20 დეკემბერი.
Aucun commentaire:
Enregistrer un commentaire