როცა რაიმე მოვლენა სიტისტემატიური ხდება, მისი არსისა და კონცეფციის
გადახედვა ხდება აუცილებელი. ახალ წელს არ ვგულისხმობ, რადგან აქ არაფერია გადასახედი,
კალენდარია და სხვა არაფერი. ის კი, რაც თოვლის ბაბუას შეეხება, უფრო სწორად მის სისტემატიურ
გაქრობასა და გადაკაგვას, და უკვე მეოთხე წელიწადი მეორდება, მართლა გადასახედია. ყოველ
31 დეკემბერს სულ იმის მოლოდინში ვარ, რომ კვლავ დამირეკავენ, შემატყობინებენ, რომ
თოვლის ბაბუა დაიკარგა და მთხოვენ,მოვძებნო. თან ვინმე კი არა, როგორც წესი, სახელმწიფოს
მეთაური რეკავს.
სიმართლე გითხრათ, არ მიყვარს ახალი წელი და არც ის აუტანელი ფუსფუსი
და ხალხმრავლობა, რომელიც ახალ წელს ჩვევია. არ მიყვარს ასევე თოვლის ბაბუა, არც მისი
ირმები და არც ჩინეთში დამზადებული ის უხარისხო საჩუქრები, რომლითაც მან თავი ასე შეაყვარა
ბავშვებს.
შარშან, 31 დეკემბერსაც სწორად ასე მოხდა. ვდგევარ ტკბილეულის მაღაზიაში
და ვცდილობ სტუმრად წასაღეწბი ტორტი ვიყიდო. თავაზიანად ჯერ თეთრი კრემის ტორტს მთავაზობენ,
მერე თაფლის ნამცხვარს, რომელზედაც კატეგორიულ უარს ვაცხარებ, რადგან ზედმეტად ტკბილი
მეჩვენება, ვიცი რომ ქალბატონ ვერას არ მოეწონება. მერე ცდილობენ ფრანგული დასახელების
ნამცხვარი « ბლომანჟე » შემომტენონ, მე კი კვლავ უარზე ვარ და ვამბობ, რომ
საფრანგეთში ასეთი დასახელების ნამცხვარი არ არსებობს.
უცებ ტელეფონი რეკავს. არც მეტი და არც ნაკლები, თვითონ პრეზიდენტი
რეკავს, ბოდიშს იხდის. ჯერ საქმეზე არ გადასულა, მე კი მის ხმაში ვგრძნობ, რომ უხერხულად
გრძნობს თავს.
-ხომ არ გაწუხებთ ?- მეითხება, გნებავთ მოგვიანებით გადმოგირეკოთ ?
-არა ბატონო პრეზიდენტო, -ვპასუხობ, -თუ ერთ წუთს დამაცდით, რომ ნამცხვარი
სწორად ამოვირჩიო, გადმორეკვა არ იქნება საჭირო.
-რა თქნა უნდა, რა თქმა უნდა, -მპასუხობს იგი, -ჩემი დახმარება ხომ
არ გჭირდებათ ?
-სტუმრად მივდივარ ბატონო პრეზიდენტო და ნამცხვარი ვერ ამომირჩევია,
ე.წ. « ბლომანჟეს » მთავაზობენ და მარწმუნებენ, რომ ფრანგული რეცეპტითაა
დამზადებული, მე კი არ მჯერავს, რომ ფრანგებს გააჩნდეთ მსგავსი დასახელების ნამცხვარი.
თანაც, არა მგონია ქალბატონმა ვერამ ეს ნამცხვარი მოიწონოს, თქვენ რას ფიქრობთ ?
-საფრანგეთში « ბლომანჟე » მგონი მართლა არ არსესობს, პარიზში
გახლდით ორი კვირის წინ და მსგავსი არაფერი მინახავს. თუმცა, ყოველი შემთხვევისთვის
ჩვენს ელჩთან გადავამოწმებ… დამელოდებით ?
-ნუ შეწუხდებით ბატონო პრეზიდენტო და ელჩსაც ნუ შეაწუხებთ. სჯობს მითხრათ რისთვის მირეკავთ.
ისევ თოვლის ბაბუა დაიკაგა ?
სახელმწიფო მეთაურმა წამიერი დუმილი მოკლე პასუხით დაარღვია. -დიახ, თქვა მან და, რადგან
არ იცოდა კიდევ რა ეთქვა, კვლავ ტკბილეულის თემას დაუბრუნდა. - სტუმრად წასაღებად კი,
ჩემი რჩევა იქნება, « დღე და ღამე » იყიდეთ, კარგი ნამცხვარია, ზომიერად
ტკბილი, არავითარ შემთხვევაში არ დაგიწუნებენ.
სიმართლე გითხრათ, ნამცხვრისთვის აღარ მეცალა. ჩემი ტვინის ნერონები
საშინელი სისწრაფით ამოძრავდნენ. საათს დავხედე, 11 საათი ხდებოდა. თოვლის ბაბუის გადასარჩენად
60 წუთი მრჩებოდა. ტაქსში ჩავჯექი, სახლში რომ გამევლო, ჩანთაში ჩამეწყო ჩემი პიტოლეტი,
ფანარი, გამადიდებელი ლუპა, ხელის ბორკილები, რეზინის ხელთათმანები, მწვანე ხსნარი და რუბიკის კუბი.
პირველ რიგში საახალწლო
ბაზრობაზე შევიარე, ერთადერთ ადგილას, სადაც ჯერ კიდევ ხალხის მხიარული ფუსფუსი და მუსიკა
ისმოდა. დარწმუნებული ვიყავი თოვლის ბაბუის კვალს იქ მივაგნებდი. სწორედ ასეც მოხდა.
ორი ნაბახუსები დაუპარსავი მამაკაცი ლამაზად შეფუთულ საჩუქრებს ყიდდა და რაც ყველაზე
დამაფიქრებელი იყო, არც კი იცოდნენ რას ჰყიდნენ, სათითაოდ ხსნიდნენ, ფასს ერთმანეთს
უთანხმებდნენ და გამვლელ-გამოვლელებს სთავაზობდნენ, შიგ ჩატანებულ წერილებს კი ჯიბებში
იტენიდნენ, არავის რომ არ დაენახა.
მივუახლოვდი, დავუწყე
თვალიერება ნივთებს, რომლებსაც ჰყიდდნენ. მაინტერესებს მეთქი, - ვუთხარი, ამას და ამას
ვყდეულობ, ამასაც, თუ ფასს დამიკლებთ, და საკრედიტო ბარათი ამოვიღე. -საკრედიტო
ბარათები არ მიიღება, -მიპასუხეს მათ. მაშინ საფულეს ჩავხედე და რაც ნაღდი ფული მქონდა
მათ მივაწოდე. მთავარი ახლა საჩუქრების წარმომავლობის გაგება იყო. ჩემს გულახდილობაში
ეჭვი შეეპარათ, ფარდულებს უკან გაძვრნენ და სიბნელეში გაუჩინარდნენ. ფანარი მოვიმაჯვე
და თოვლის ბაბუის მოტაცებაში ეჭვმიტანილ პირებს უკან გამოვუდექი. ეტლს შეახტნენ. იგრძნეს
რომ კარგი პირი არ უჩანდა მათ ბოროტ ჩანაფიქრს. მეც შევახტი ეტლს, ჩანთიდან მწვანე
ხსნარი ამოვიღე, ბოთლს თავი მოვხადე და შევძახე, – თუ არ დამემორჩილებით ამ მწვანე
ხსნარს გადაგასხავთ და ბაყაყებად გაქცევთ.
-ეგ არ ქნათ, ძალიან გთხოვთო,– მომმართეს
მუდარით და ხელები ასწიეს. ისე დავადე მაჯებზე ბორკილი, პისტოლეტი არც კი დამჭირვებია.
როგორც ჩანს, მორალურად განადგურებულნი იყვნენ და წინააღმდეგობის გაწევა არც უფიქრიათ.
-თუ არ იტყვით სად არის თოვლის ბაბუა, 143-ე და 144-ე მუხლით იქნებით გასამართლებული,
რომელიც რამოდენიმე წლით თქვენი თავისუფლების აღკვეთას და ეს თქვენ ძალიან კარგად
უნდა იცოდეთ მეთქი.
-საიდან უნდა ვიცოდეთ, ჩვენ წერა-კითხვაც არ ვიცითო, - გამომიტყდნენ.
-საიდან უნდა ვიცოდეთ, ჩვენ წერა-კითხვაც არ ვიცითო, - გამომიტყდნენ.
-რომელი სკოლა დაამთავრეთ მეთქი, -ვკითხე.
-147-ეო მიპასუხეს. თანაც
თანაკლასელები ყოფილან.
-მერე ლიტერატურას
ვინ გასწავლიდათ, არ სცხვენია თქვენს მასწავლებელს, მეთქი - ვკითხე.
შერცხვათ. აღარ მინდოდა
მათი ზედმეტად დამცირება, ამიტომ სხვა თემაზე ყურადღების გადასატანად საათს დავხედე,
თორმეტის ნახევარი გახდა. უცბად ტელეფონმა დარეკა. პრეზიდენტი იყო, გამოძიების მსვლელობით
იყო დაინტერესებული. მე დავაწყნარე, ვუთხარი, სანერვიულო არაფერია, ყველაფერი რიგზე
იქნება-მეთქი. ყოველგვარი საშუალება გამოიყენეთ, ყველაფერს აგინაზღაურებთო, -შემპირდა.
გაჭენებული ეტლი საოცრად
ძველ გემზე დაჯდა. გაირკვა, რომ მეკობრეები ყოფილან. იცოდნენ სად უნდა გამოევლო თოვლის
ბაბუას. ლაზერის სხივით დაუბრმავებიათ საწყალი მოხუციცა და ეტლში შებმული ირმებიც,
ამგვარად დაუმორჩილებიათ და საჩუქრებიც წაურთმევიათ, რომ ბაზარზე გაეყიდათ და საახალწლო
სუფრა გაეშალათ.
-თქვენი უფროსი ვინ
არის მეთქი, -ვიკითხე. ქალი აღმოჩნდა. თანაც
საკმაოდ ახალგაზრდა. ჩაცმულობა მეკობრის ჰქონდა, თვალზე ახვეული ჩვრით, ზედა რიგში
კბილიც კი აკლდა, როგორც ნამდვილ მეკობრებს შეეფერება. სულ რაღაც ხუთი წუთი დამჭირდა,
რომ გარანტიები მიმეცა იმის თაობაზე, რომ თუ თოვლის ბაბუას ახლავე გაუშვებდნენ თავიანთი
საჩუქრებიანად, ყველაფერი ეპატიებოდათ, თან საკრედიტო ბარათიც კი მივეცი, -ამაღამ ნურაფერს
დაიკლებთ მეთქი, მე კი, სიტყვის გარანტი, პირატების გემზე უნდა დავრჩენილიყავი. არ
ელოდნენ, რომ ასეთ რამეზე წავიდოდი.
-კოდი?-იკითხეს მეკობრეებმა.
-კოდს მაშინ მოგცემთ,
როდესაც თოვლის ბაბუას დანიშნულების ადგილამდე მიიყვანთ . იდგნენ და უკბილო უფროსს
შეჰყურებდნენ. უფროსმა თავიდან ფეხებამდე შემათვალიერა, თანხმობის ნიშნად მეკობრეებს
თავი დაუკრა და ბრძანა: თოვლის ბაბუა გააცილეთ, საჩუქრებიც დანიშნულების ადგილამდე
მიატანინეთ და როგორც ამ ჯენტლმენმა ბრძანა, ისე მოიქეცით. ხვალ გამოსაშვები დღე გაქვთ,
ასე რომ, ზეგ დილამდე თავისუფალნი ხართ.
თოვლის ბაბუა ჩუმად
იჯდა, თვალს მარიდებდა და ლაპარაკში არც კი ერეოდა. თოთქოს ყველაფერი ფეხებზე ეკიდა,
მეც, ახალი წელიც, ბავშვებიცა და საჩუქრებიც. სწორედ ამიტომაა, რომ მის მიმართ არავითარი
სიმპათია არ გამაჩნია.
ყველანი წავიდნენ.
მალე დარეკეს. თოვლის ბაბუამ დამარწმუნა, რომ ყველაფერი რიგზეა და ამიტომ მეკობრეებს
საკრედიტო ბარათის კოდი მივეცი. ამასობაში მეკობრეთა მეთაური თავის კაიუტაში შევიდა,
ტანისამოსი გამოიცვალა, ცარიელ ადგილას ბრილიანტის კბილი ჩაიდგა და ჩაიზე მიმიწვია.
ბუხართან სავარძელში ჩავჯექი და წიგნებით სავსე კედლის კარადა შევათვალერე. სანამ ჩაის
ადუღებდა, ზოგი წიგნის გამოღება და დათვალერებაც კი მოვასწარი. რამოდენიმე ძალიან იშვიათ
გამოცემასაც კი წავაწყდი. წიგნით ხელში რომ დამინახა, ყდა შეათვალიერა, მთხოვა გვერდით
გადამედო და მაგიდის გაწყობაში მივხმარებოდი.
-არ მეგონა თუ მეკობრეებს
მარსელ პრუსტი აინტერესებდათ,- მივმართე მას. მან გაიღიმა, ფაიფურის ფინჯნებში ჩაი
დაასხა და მითხრა, -არასდროს ენდოთ პირველ შეხედულებას.
-კი მაგრამ საიდან
გაქვთ ასეთი ექსკლუზიური წიგნები, ალბათ თოვლის ბაბუას წაართვით, არა? გაიცინა.
-რას ბრძანებთ, დღეს
ვიღა უკვეთავს ასეთ წიგნებს. ეს წიგნები ჩემი დანაზოგი ფულითაა შეძენილი, გარწმუნებთ.
-გასაგებია…
-მაშინ, თუ ნებას დამრთავთ,
მეც შეკითხვით მოგმართავთ, ოღონდ ნუ მიწყენთ. როგორ მოხდა რომ პოლიციის თანამშრომელი
ისეთი ნაკითხი ბრძანდებით, მარსელ პრუსტის ლიტერატურით ინტერესდებით?
მეც გამეცინა. აღარ
ვიცოდი რა მეპასუხა. ბოლოს კი, კონფლიქტი რომ თავიდან აგვეცილებინა, შევთანხმდით, რომ
ყველა პროფესიაშია განათლებული და გაუნათლებელი ხალხი. ვიჯექით ასე სავარძლებში, ჩაის
მივირთმებდით და ათას რამეზე ვსაუბრობდით, მათ შორის მე-20 საუკუნის ევროპულ ლიტერატურაზე.
ცალი თვალი ტელევიზორზე მეჭირა, რომ თვეთონ მენახა თოვლის ბაბუის დედაქალაქში გამოჩენა
და მთავარ ნაძვის ხესთან საჩუქების დარიგება. ამავედროს, მეკობრეთა მეთაურს თვალს არ
ვაცილებდი, თუმცა, ვცდილობდი მის მიმართ აღფრთოვანება არ გამომეაშკარავებინა.
-სამწუხაროდ ჩაის გარდა სხვა არფერი მაქვს, -მოიბოდიშა ბრილიანტის
კბილიანმა მეთაურმა. თუმცა, ერთი სურპრიზი გელოდებათ, ოღონდ გვერდით ოთახში, ამ კარს
უკან,- და ხის კარისკენ მიმითითა. ნეტავ რას მიპირებს-თქო, ვიფიქრე, ამიტომ ცოტა შევყოვნდი.
-ნუ გეშინიათ, რაიმე ბოროტი აზრი რომ მქონოდა, უკვე ჩადენილი მექნებოდა, მენდეთ…
სურპრიზი მართლა მელოდა.
კარს მიღმა საოცარი ოთახი იყო. დაბალ მაგიდაზე წიგნები ეწყო. როგორც ჩანს მხატვრების
შესახებ. ერთი თვალის შევლებით ლუსიან ფროიდი და დევიდ ჰოკნი ვიცანი. უფრო ქვემოთ კი
სოლ ლევიტი, ჯექსონ პოლოკი და ფრიდა კაჰლო.
-ახლა მთავარი სურპრიზი
გელით, მხოლოდ თვალები უნდა დახუჭოთ.
როგორც ფილმებში ხდება,
ვიფიქრე, მაკოცებს მეთქი, მაგრამ შევცდი. თვალები დავხუჭე თუ არა მხრებზე მომხვია ხელი,
ორი ნაბიჯით გვერდზე გამწია, კედლისკენ პირით შემატრიალა და მითხრა, ახლა თვალები გახსენითო.
გავხსენი. გაკვირვებისაგან
რამის შევყვირე. არ მეგონა, თუ ასეთი რამ ოდესმე შემემთხვეოდა. კედელზე, რომლის პირისპირაც
ვიდექი ფრენსის ბეკონის ავტოპორტრეტი ეკიდა.
-შეგიძლიათ ხელითაც
კი შეეხოთ. ისარგებლეთ შემთხვევით, თორემ ასეთ შესაძლებლობას მუზეუმში არასდროს არავინ
მოგცემთ.
-მე, თუ წინააღმდეგი
არ იქნებით, სხვა უფლებას გამოვიყენებ, -მტკიცედ გამოვთქვი, მივუახლოვდი და ტუჩებში
ვაკოცე. წინააღმდეგობა არ გაუწევია. დარწმუნებული ვიყავი, რომ ნახატი მოპარული იყო. აბა საიდან უნდა ჰქონოდა უბრალო მოკვდავ მეკობრეს ბეკონის ავტოპორტრეტი, მაგრამ, სიმართლე
გითხრათ, ამ ფაქტმა კიდევ უფრო მეტად გამახალისა, ბეკონის ხელისხლების ექსკლუზიური უფლება
მქონდა მხოლოდ მე. მისმა სურნელმა თავბრუ დამხვია, არ ვიცი რამდენ ხანს გაგრძელდა ჩვენი
ამბორი, მან უხერხულად უკან გაიწია და მითხრა: კიდევ ერთხელ გიხდით ბოდიშს, რომ ვერაფრით
გიმასპინძლდებით…
ტელეფონი რეკავდა.
არც კი დავინტერესებულვარ, თუ ვინ რეკავდა, ისედაც ვიცოდი, რომ პრეზიდენტო იყო, ალბათ სურდა მადლობა გადაეხადა თოვლის ბაბუის მოძებნისთვის და ახალი წელი მოელოცა, ეთქვა,
რომ ნამცხვარი “დღე და ღამე” გამოაგზავნა ჩემთან სახლში. მან არ იცოდა, რომ სახლში
მობრუნებას ჯერ არ ვაპირებდი, არ ვაპირებდი ასევე ქალბატონ ვერასთან მისვლას და ამიტომ ნამცხვარიც აღარ მჭირდებოდა. ეჭვიც არ მეპარებოდა, რომ ჩემთვის არაერთხელ დანაპირები ჯილდოს გადმოცემა დაავიწყდებოდათ
და ჩემი საკრედიტო ბარათიდან დახარჯულ თანხასაც არავინ ამინაზღაურებდა, მაგრამ ესეც
ფეხებზე მეკიდა. პრეზიდენტს არ ვუპასუხე. მეც, მეკობრეებისა არ იყოს, გადავწყვიტე,
რომ გამოსაცვლელი დღე მაქვს და ზეგ დილამდე თივისუფალი ვარ.
ლორენ-შამპანი. 2016 წ. 26 დეკემბერი
Aucun commentaire:
Enregistrer un commentaire